თეგი: თბილისის საკრებულო

თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის 15-მდე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე ერთ-ერთ სკვერს მიენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი. „ეს არის ჩვენი უახლესი წარსულის ძალიან ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი გმირების ქმედებები ნამდვილად არის ჩვენთვის, ყველასთვის საამაყო. შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, მათი სახელების უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პატივი და შესაძლებლობა იმისა, რომ მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. თბილისის საკრებულო ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განახორციელებს სახელდებას და თბილისში ჩვენი 15 გმირის სახელდებას სხვადასხვა ქუჩებზე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად განვახორციელებთ სახელდებას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ. აღნიშნული ინიციატივას ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

თბილისში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლისა და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი დაერქვა. ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას კომპოზიტორის,  საქართველოს დამსახურებული არტისტისა და  თბილისის საპატიო მოქალაქის, გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთი, მასთან არსებული ერთი ჩიხი და ერთი შესახვევი რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელობის გახდა. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს. გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის N220 საჯარო სკოლა კი, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.  

საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ დათუკიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.  რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია, ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი ფეისბუქსტატუსი მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად: ვტოვებ პარტია ენმ-ს. ვტოვებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს. ვტოვებ ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას. ვტოვებ ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის საბჭოს. ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედს ებარებოდეთ, ჩემზე არ იდარდოთ. პ.ს. დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია, მატერიალურ-ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი (ჩემთვის ორივე კატასტროფაა), მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას – ვინ დაწერს 2024 სიებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე“, – წერს მარიკა დათუკიშვილი.